ფარის სამოქალაქო კლუბმა "ცოდნა ძალაა" მოაწყო საქველმოქმედო აქცია "მოვეფეროთ მოხუცებს". ჩვენ შევაგროვეთ თანხა და შევიძინეთ ტკბილეული მოხუცებისათვის. 4 მაისს ვესტუმრეთ ჩვენი სოფლის უხუცესს, სვანეთის უკანასკნელი თავადის კონსტანტინე დადეშქელიანის შთამომავალს, 104 წლის მესე დადეშქელიანს.
მოვიკითხეთ და გადავეცით საჩუქრები.
შემდეგ ვეწვიეთ სვანეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის დამსახურებულ წევრს, საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონს ჰადუ დევდარიანს.
ეს ქალბატონი მარტო ცხოვრობს, ამიტომ ჩვენი სტუმრობა განსაკუთრებით სასიხარულო იყო მისთვის, გადავეცით ჩვენი მცირეოდენი საჩუქარი და ძალიან საინტერესო ისტორიული ფოტოებიც აღმოვაჩინეთ მასთან.
ბოლოს მოვიკითხეთ 100 წლის ქალბატონი, ყველასთვის საყვარელი ბებია ნინო ვიბლიანი.
მისთვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენისთვის, ჩვენი ყურადღება უფრო საგულისხმო იყო, ვიდრე ის საჩუქრები, რომელიც მივართვით.
ეს დღე ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ემოციური იყო. მოხუცების ცრემლიან თვალებში ამოკითხული დიდი სიყვარული და მადლიერება სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს გულებში. მთელი გულით ვეცადეთ გაგველამაზებინა ჩვენი მოხუცებისათვის ეს ერთი დღე და გამოგვეხატა მათდამი ჩვენი დიდი სიყვარული. ის ლოცვა, რომელიც მათ უკვან დაგვადევნეს თან გაყვება ყველა ჩვენგანს. ♥
No comments:
Post a Comment